აქტივისტური ჯგუფები: საგანგაშოა ზედოზირებით სიკვდილის შემთხვევების გახშირება

აქტივისტური ჯგუფები "თეთრი ხმაურის მოძრაობა" და „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი-ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის" (GeNPUD) საგანგებო განცხადებებს ავრცელებენ და გამოდიან გაფრთხილებით საქართველოში სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილის გახშირებული შემთხვევების თაობაზე. "თეთრი ხმაურის მოძრაობა" იუწყება, რომ ახალგაზრდა ასაკის კიდევ 2 პირი გარდაიცვალა თავიანთ სახლებში, ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შემდგომ, ძილის პერიოდში. „მეგობრებო, მხარდამჭერებო, მომხმარებლებო, არამომხმარებლებო და მომხმარებელთა ოჯახის წევრებო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში გვაქვს საგანგებო ვითარება, სახელმწიფო კი დუმს და თავს არიდებს პასუხისმგებლობას. შავ ბაზარზე შემოყრილია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოდთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად და სისტემა გვიმეტებს სიკვდილისთვის" - წერს აქტივისტური ჯგუფი და აცხადებს, რომ ამგვარ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფოს, რომელიც არ მოქმედებს შექმნილი საგანგაშო ვითარების პასუხად. მოძრაობა ყველა მომხმარებელს მოუწოდებს "ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოს ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან". ასევე სახელმწიფოს აკისრებს პასუხისმგებლობას ჯგუფი „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი-ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის" (GeNPUD), რომელიც აცხადებს, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკა "იწირავდა, იწირავს და მომავალშიც შეიწირავს უმრავ ჩვენს მოქალაქეს". ჯგუფი მოითხოვს სასწრაფოდ დადგინდეს და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია თუ რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე, სახელმწიფომ ჩაატაროს გამოძიება და გაატაროს პრევენციული ზომები. გამოცემა "ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ 5 მაისს შევიდა შეტყობინებები თბილისიდან, 1979 და 1980 წელს დაბადებული პირების თავიანთ საცხოვრებელ სახლებში გარდაცვალების შესახებ. „ლიბერალს" შსს-მა აცნობა, რომ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და მისი დასკვნის საფუძველზე დადგინდება გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით. "შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი" - წერს ლიბერალი.