სომხეთში ოპოზიციონერი ლიდერი ნიკოლა ფაშინიანი გამოდის აქციის გამართვის მოწოდებით, რათა დადასტურდეს მის მიმართ ხალხის მხარდაჭერა პარლამენტში 8 მაისის სხდომამდე, რომელზეც პრემიერ-მინისტრად ფაშინიანის არჩევის საკითხს განიხილავენ. აქციის დაწყებამდე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მისი მხარდამჭერები ერევნის აეროპორტში დახვდებიან ამერიკელ როკ-ვარსკვლავს, ეთნიკურად სომეხ სერჯ ტანკიანს. ის ჯგუფ „System Of A Down“-ის სოლისტია. ტანკიანმა მხარდაჭერა გამოუცხადა ფაშინიანის ხელმძღვანელობით დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას და მოსალოდნელია, რომ სიტყვით მიმართავს დემონსტრანტებს ერევანში ჩაფრენის შემდეგ. ფაშინიანი მხარდამჭერებს ასევე მოუწოდებს, რომ კვლავ გავიდნენ ერევნის ქუჩებში 8 მაისს, რათა გააგრძელონ ზეწოლა სომხეთის მმართველ რესპუბლიკურ პარტიაზე პარლამენტში 8 მაისის კენჭისყრის დროს. 42 წლის ფაშინიანის თქმით, მისი მხარდამჭერები მზად უნდა იყვნენ არაძალადობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობისთვისაც, რადგან არ არსებობს გარანტია, რომ რესპუბლიკური პარტია პირობას შეასრულებს და მართლაც ხმას მისცემს ფაშინიანის კანდიდატურას.