ლევან გორგაძემ იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა

პროფესიული სუმოს უმაღლეს დივიზიონში ლევან გორგაძემ უმთავრესი ტიტულისთვის - „იმპერატორის თასისთვის“ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მაისის სუპერტურნირზე (ბაშოზე) სეკივაკეს წოდებით მოჭიდავე ქართველმა სუმოისტმა დღეს გამართული მეთორმეტე ტურის ცენტრალურ ბრძოლაში თანამედროვე სუმოს სუპერვარსკვლავს - იოკოძუნა ჰაკუჰოს აჯობა. არადა აქამდე ტოჩინოშინისა და ჰაკუჰოს ურთიერთშეხვედრების ბალანსი 25:0 იყო მონღოლი იოკოძუნას სასარგებლოდ.

დღევანდელი გამარჯვებით ლევან გორგაძემ გაინაღდა სუმოს მეორე იერარქიულ საფეხურზე ასვლა - ოძეკის წოდება. „იმპერატორის თასისთვის" ბრძოლაში კი ქართველი სეკიტორი დაუმარცხებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარს, კიდევ ერთ მონღოლ იოკოძუნა კაკურიუს ქულით უსწრებს.

მაისის ბაშოს დასრულებამდე სამი ტური რჩება.