ენგურჰესი კვლავ გაჩერებულია

ენგურის ჰიდროელექტროსადგური

კვლავ გაჩერებულია ენგურჰესი, სადაც უკვე ოთხი დღეა სარემონტო სამუშაოები გრძელდება. ჰესის ფინანსური დირექტორის, ზვიად კილასონიას განცხადებით, უახლოეს დღეებში ორი-სამი აგრეგატი ჩაირთვება, ხუთივეს ამოქმედებას კი 10 დღიდან ორ კვირამდე პერიოდი დასჭირდება.

ზვიად კილასონიამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ მიმდინარეობს აგრეგატების შემოწმების პროცესი: „აგრეგატები მზადდება გასაშრობად. მაინც უნდა გადამოწმდეს ყველაფერი. ამასთანავე, დავცალეთ სადერივაციო გვირაბი და მისი შევსება მიმდინარეობს, რომელსაც 2-3 დღე უნდა“.

ზვიად კილასონიას ცნობით, ამჟამად აფხაზეთს, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, ელექტროენერგია ენგურჰესიდან არ მიეწოდება. ფინანსური დირექტორისთვის უცნობია, საიდან მარაგდება ოკუპირებული რეგიონი.

ენგურჰესი 24 მაისს, საღამოს 20:11 საათზე ავარიულად გამოირთო, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი. ამის გამო, ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.