ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოკლეს პოლიციის უფროსი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოკლეს სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი ბუტა ანთაძე. მკვლელობა 14 ივნისს, ღამით მოხდა. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს დანაშაულის მოტივს ჯერჯერობით არ ასახელებს.

სოფელ მუხაესტატეს რამდენიმე მცხოვრებმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიციის უფროსის და სავარაუდო მკვლელის უთანხმოების მიზეზი იყო სოფლის ცენტრში, ღამის საათებში ახალგაზრდა მამაკაცების თავშეყრის აკრძალვა. ექიმების ინფორმაციით, მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსს სასიკვდილო ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული გულმკერდისა და მუცლის არეში. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.