ტრამპმა უარი თქვა, გამორიცხოს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა, გამორიცხოს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარება. ტრამპი რამდენიმე დღეში ხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტების მიერ 29 ივნისს დასმულ შეკითხვაზე, მართალია თუ არა ცნობა, რომ ვაშინგტონი აპირებს ანექსიის საწინააღმდეგო პოზიციის დათმობას, ტრამპმა უპასუხა: „უნდა ვნახოთ“. ასეთივე პასუხი გასცა ტრამპმა შეკითხავს რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების გარშემო. ეს სანქციები კრემლს დაუწესეს ყირიმის ანექსიის გამო. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან მომავალი სამიტის მიზანია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის განვითარება. ეს ურთიერთობა „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა და შევხედავთ, „როგორ იმოქმედებს რუსეთი“. თქვა დონალდ ტრამპმა.