ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი სირიაში შეხვდა ამ ქვეყნის პრეზიდენტს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი 23 ივლისს სირიაში შეხვდა ამ ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს. ორი თვის წინ სირიამ აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ბაშარ ალ-ასადის ადმინისტრაციის განცხადებით, ბიბილოვი სამდღიანი ვიზიტით ეწვია სირიას, რომლის პრეზიდენტიც მას მადლობას უხდის სირიაში შვიდი წლის წინ დაწყებულ სამოქალაქო ომში მმართველი რეჟიმის მხარდაჭერისათვის, ისევე როგორც სირიის „სუვერენიტეტისა“ და „ერთიანობის“ აღიარებისათვის. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ახლო მოკავშირეა რუსეთი, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს როგორც სირიაში, ისე ოკუპირებულ ცხინვალის რგიონში. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ბიბილოვმა და ასადმა დამასკში 23 ივლისს გამართულ ცერემონიაზე ხელი მოაწერეს ხელეშკრულებას „მეგობრობისა და თანამშრომლობის“ შესახებ.