საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელს კრისტოფერ რეის შეხვდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, კრისტოფერ რეი და გიორგი გახარია შეთანხმდნენ, რომ მოხდება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის გამომძიებლების გადამზადება გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიაში, განსაკუთრებით საგამოძიებო მიმართულებით.
„მხარეებმა ასევე დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის შსს-ს ხელშეწყობა გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებასა და ქართველი პოლიციელების სწავლება ფედერალური ბიუროს აკადემიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად პერიოდულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც გადიან მომზადებას.
კრისტოფერ რეიმ და გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, კიბერდანაშაულის კუთხით სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები.