დასავლეთ ავღანეთში გზაზე დამონტაჟებულ ბომბს 11 ადამიანი ემსხვერპლა

გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დასავლეთ ავღანეთში, პროვინცია ფარაჰში, ავტობუსის 11 მგზავრი მოკვდა და 40 დაშავდა. პროვინციის მთავრობის წარმომადგენელმა, ნასერ მეჰდიმ განუცხადა რადიო თავისუფლებას, რომ აფეთქება მოხდა 31 ივლისს დილით, ბალა ბალუკის ოლქში. მომხდარისთვის პასუხიმგებლობა არავის უკისრია. თუმცა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა, მუჰიბულა მუჰიბმა თალიბანი დაადანაშაულა მომხდარში. დახოცილთა და დაჭრილთა შორის არიან ბავშვები და ქალები. ქაბულის მთავრობა, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს, ნატოს ჯარის ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ ცდილობს თალიბანს და სხვა დაჯგუფებებს გაუმკლავდეს.