გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ჭანტურიასთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიასთვის ოფიციალური ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ. ის 7 აგვისტოს ღამით დაააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, ჭანტურიას ბინის ჩხრეკისას, ამოიღეს სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომატის მჭიდები და ვაზნები.

ჭანტურია ერთხელ უკვე ჰყავდათ დაკავებული რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორის, გადამდგარი გენერლის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების პროცესში.

გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ანა კეკენაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გამოძიებას სურს მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დააკავშიროს.

"გიორგი ჭანტურიას 24 საათის განმავლობაში, უთვალთვალებდნენ. ასეთ პირობებში როგორ შეიძლებოდა იარაღის შეტანა ბინაში, რომელიც ერთხელ უკვე გაჩხრიკეს?" - განაცხადა ადვოკატმა რუსთავის პოლიციის სამმართველოში შესვლის წინ.

ყოფილი პროკურორი, შემდეგ კი რუსთავის მერიის გაწვევის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ჭანტურია პირველად 2018 წლის 17 იანვარს დააკავეს. ის იყო ბოლო, ვინც სამსონ ქუთათელაძე მკვლელობის დღეს, 2018 წლის 15 იანვარს, ნახა.

მაშინ დაკავებულის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვას გულისხმობს. მოგვიანებით ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

გიორგი ჭანტურიას ოჯახს აქვს საკუთარი ტერიტორია "სტამბოლის ბაზარში", რომელსაც სხვადასხვა ინდმეწარმეზე აქირავებს.