მსოფლიო კულტურის 100-ზე მეტი მოღვაწე გამოდის ოლეგ სენცოვის გათავისუფლების მოთხოვნით

მსოფლიო კულტურის 100-ზე მეტი მოღვაწე, მათ შორის გამოჩენილი რეჟისორები ჟან-ლუკ გოდარი და კენ ლოუჩი გამოდიან უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის მხარდამჭერი განცხადებით. ისინი ევროკავშირსა და გაეროს მოუწოდებენ, ზეწოლა განხორციელდეს რუსეთზე, რათა გათავისუფლებულ იქნეს ციხეში მოშიმშილე სენცოვი. ხელოვანთა მიმართვა გამოაქვეყნა საფრანგეთის გამოცემა „ლე მონდმა“. მასში სენცოვისათვის გამოტანილი განაჩენი მოხსენიებულია „აზრისა და შემოქმედების თავისუფლებაზე თავდასხმად“, „საერთაშორისო სამართლისა და მართლმსაჯულების ძირითადი ნორმების დარღვევად", ხოლო თვითონ სენცოვს ადარებენ ვასილი გროსმანს, ალექსანდრ სოლჟენიცინსა და „კომუნისტური რეჟიმის სხვა დისიდენტებს“. უკრაინელ რეჟისორს რუსეთში მისჯილი აქვს 20 წლით პატიმრობა ყირიმში ტერაქტების მზადების ბრალდებით. სენცოვი ბრალდებას უარყოფს. მან 14 მაისს შიმშილობა გამოაცხადა რუსეთის ციხეებიდან ყველა უკრაინელი პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით. გასულ კვირაში რეჟისორის დამ, ნატალია კაპლანმა „კატასტროფული“ უწოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.