კადიროვი: ჩეჩნეთის პოლიციაზე თავდასხმები ილუზიის შექმნას ემსახურება

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა რეგიონში პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმებს. კადიროვმა 20 აგვისტოს განაცხადა, ახალგაზრდების ჯგუფი ცდილობს შექმნას ილუზია, "რომ არსებობს ძალები, რომლებსაც შეიარაღებული მოქმედებების და ტერორირსტული თავდასხმების ორგანიზება შეუძლიათ" ჩეჩნეთშიო. კადიროვმა უარყო ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" განცხადება, რომ ის დგას თავდასხმების უკან - კადიროვის თქმით, ამ ჯგუფს მაქსიმუმ სოციალური მედიით მოეხდინა გავლენა ახალგაზრდებზე. ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შალის რაიონში პოლიციამ მოკლა ორი მამაკაცი, რომლებიც დანებით შეიარაღებულები დაესხნენ თავს პოლიციელებს. მოგვიანებით ერთი პოლიციელი ჭრილობებისგან გარდაიცვალა. იუწყებიან, რომ გროზნოში თინეიჯერი მანქანით შეიჭრა პოლიციელების ჯგუფში, რის გამოც ორი პოლიციელი დაშავდა. გავრცელებული ცნობებით, პოლიციამ მძღოლიც და მანქანის მგზავრებიც მოკლა.