აშშ-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 27 აგვისტოს შევა ძალაში

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირველი პაკეტი, რომელიც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში რუსეთის მონაწილეობის გამო იქნა მიღებული, ძალაში 27 აგვისტოდან შევა. მანამდე სანქციების ამოქმედების თარიღად 22 აგვისტო დასახელდა. როგორც ამერიკის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განმარტა, 22 აგვისტოს ამოიწურა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლის შესახებ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების პერიოდი. შეტყობინება ფედერალურ რეესტრში სანქციების ამოქმედების შესახებ უკვე გაგზავნილია და 27 აგვისტოს გამოქვეყნდება.

სანქციებით, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 8 აგვისტოს მიიღო, რუსეთში იკრძალება იმ საქონლის შეტანა, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების სფეროსა და ენერგეტიკის სფეროში გამოიყენება.

თუ რუსეთი ქიმიური იარაღის სფეროში საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობაზე უარს განაცხადებს, სამი თვის შემდეგ სანქციების მეორე რაუნდი ამოქმედდება. კერძოდ, აიკრძალება აშშ-ში „აეროფლოტის“ ფრენები და მინიმუმამდე შემცირდება ორმხრივი ვაჭრობა.