საფრანგეთის პრეზიდენტი ემანულ მაკრონი ევროკავშირს მოუწოდებს სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურებისაკენ და საჭიროდ მიიჩნევს თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულებისთვის ბოლოს მოღებას, ისევე როგორც რუსეთთან “სტრატეგიული პარტნიორობის“ განვითარებას. ამ თემაზე მან ისაუბრა 27 აგვისტოს ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრის დროს. მაკრონის გამოსვლა მიანიშნებს იმაზე, რომ მან ხელი აიღო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მჭიდრო საერთო პოლიტიკის განვითარების გეგმაზე. მაკრონმა ტრამპი გააკრიტიკა, როგორც „არასანდო“ პარტნიორი, რომელმაც დასავლეთის ქვეყნების მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილ „მულტილატერალიზმს“ ზურგი შეაქცია ისეთი გადაწყვეტილებებით, როგორიც იყო კლიმატურ ცვლილებებზე გლობალური შეთანხმებიდან, ან ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან ვაშინგტონის გასვლა. მაკრონის განცხადებით, მომავალ თვეებში ის ევროკავშირს წარუდგენს ახალ წინადადებებს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გასააქტიურებლად, ისევე როგორც უსაფრთხოების სფეროში რუსეთთან თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად, მიუხედავად უკრაინის, სირიისა და სხვა საკითხების გარშემო კრემლთან უთანხმოებისა.