ლეხ ვალენსამ სენცოვი წარადგინა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსა

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ლეხ ვალენსამ უკრაინელ რეჟისორ ოლეგ სენცოვის კანდიდატურა წარადგინა ნობელის პრემიაზე. ვალენსას განცხადება პოლონეთის კინოაკადემიამ გამოაქვეყნა. ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის „ამნესტი ინტერნეიშნლი“ უსამართლოდ და უკანონოდ მიიჩნევენ სენცოვისათვის რუსეთში გამოტანილ განაჩენს. უკრაინელ რეჟისორს, რომელიც ყირიმის ანექსიას აკრიტიკებდა, პატიმრობა აქვს მისჯილი ტერორიზმში ბრალდების საფუძველზე. ის უკვე 100 დღეზე მეტია, შიმშილობს. ვალენსა შთამბეჭდავად მიიჩნევს სენცოვის თავდადებას - შიმშილობას არა საკუთარი თავის, არამედ რუსეთის ციხეებში მყოფი დანარჩენი უკრაინელი პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით.