მიხაილ ხოდორკოვსკიმ მიიღო ანდრეი კონიახინის გადადგომა

მიხაილ ხოდორკოვსკი

მიხაილ ხოდორკოვსკიმ მიიღო „გამოძიების მართვის ცენტრის“ მთავარი რედაქტორის, ანდრეი კონიახინის გადადგომა და შეწყვიტა პროექტის დაფინანსება. მან ეს იმით ახსნა, რომ ცენტრს ნაწილობრივ ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის ჟურნალისტების, ორხან ჯემალის, ალექსანდრ როსტგუევისა და კირილ რადჩენკოს დაღუპვისთვის.

ხოდორკოვსკიმ აღნიშნა, რომ ჟურნალისტების მოგზაურობის მომზადებაში არსებითი შეცდომა იქნა დაშვებული ადგილზე თანამშრომლის შერჩევისას. კომპანია „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, რუსი ჟურნალისტების სიკვდილის გარემოებების გამოძიება გრძელდება. ხოდორკოვსკიმ დასძინა, რომ უკვე არსებობს საფუძველი იმის საფიქრებლად, რომ ჟურნალისტები დაგეგმილ ოპერაციას ემსხვერპლნენ.

ორხან ჯემალი, ალექსანდრ როსტგუევი და კირილ რადჩენკო ივლისის ბოლოს დაიღუპნენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ისინი „გამოძიების მართვის ცენტრის“ იღებდნენ ფილმს რუსეთის კერძო კომპანია „ვაგნერის“ შესახებ. როგორც იტყობინებიან, კომპანია კავშირშია ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობართან, ევგენი პრიგოჟინთან.