სოფელ ცედანის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა

დილიდან განახლდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანის ტყეში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები, რომელშიც 30 აგვისტოდან ვერტმფრენიც ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, დღეს დამატებით ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ორი სახანძრო მანქანაც ჩაერთვება. მთლიანობაში ადგილზე 17 სახანძრო მანქანა და 220 მეხანძრე იმუშავებს. ადგილზე იმყოფება ადგილობრივი ხელისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის 30 კაციანი ჯგუფი.



სოფელ ცედანის ტყეში, სურამთან ახლოს, ხანძარი 29 აგვისტოს საღამოს გაჩნდა. ხანძრის გამომწვევს მიზეზების დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანების, ან განადგურების მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.