„დღეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დღე იყო. დავესწარი სენატორ მაკკეინისადმი მიძღვნილ საპატიო ცერემონიალს და პირველად მქონდა შესაძლებლობა უშუალოდ მომესმინა პრეზიდენტ ობამას, პრეზიდენტ ბუშის, ჰენრი კისინჯერის, სენატორ ლიბერმანის და სხვა უდავოდ დიდი ადამიანების გამოსვლებისთვის”, - წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, ჯონ მაკკეინმა თავისი დაკრძალვა აქცია ერის გაერთიანების შესაძლებლობად, მაშინ როდესაც ამერიკა ისეთი პოლარიზებულია, როგორც არასდროს: „მან თანაბარი პატივისცემა გამოხატა, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მიმართ. მთავარი სიტყვა საკუთარ დაკრძალვაში ათქმევინა ადამიანებს, რომლებთანაც მთავარი ბრძოლა წააგო და საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა“.
ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აშშ-ში, სენატორ ჯონ მაკეიინის დაკრძალვაზე, საქართველოს ორკაციანი დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან. „კიდევ ერთხელ მოვისმინე, როგორ უყვარდა საქართველო, როგორ დაეხმარა ჩვენს მსგავს ქვეყნებს ნატოში გაწევრიანებაში და როგორ ცდილობდა ჩვენც დაგვხმარებოდა. ყოველთვის, როდესაც თვითმფრინავში ადიოდა, ითხოვდა გზად საქართველოში გამატარეთო, მაშინაც კი, როცა სრულიად სხვა მიმართულებით მიდიოდნენ. მისი მთავარი ფრაზა იყო, რომ საკუთარი თავი უნდა შესწირო რაღაც უფრო დიდს, ვიდრე თავად ხარ“, - წერს თამარ ჩუგოშვილი.
სენატორ ჯონ მაკკეინს 2 სექტემბერს დაკრძალავენ მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში, იმ სამხედრო-საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე, რომელიც მან 1958 წელს დაამთავრა. ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.