საოკუპაციო ძალებმა პოლონელი ტურისტები დააკავეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „მესაზღვრეებმა“ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით, ჯავის რაიონში დააკავეს პოლონეთის ორი მოქალაქე. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მიერ 4 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, პოლონელი ტურისტები ვარშავიდან ჩავიდნენ ქუთაისში, საიდანაც ყელის ტბის მოსანახულებლად გაემგზავრნენ. ეს ტბა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. „უშიშროების კომიტეტის“ ცნობითვე, 3 სექტემბერს ჯავის სასამართლომ პოლონეთის მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და დააკისრა ფულადი ჯარიმა, რომლის გადახდის შემდეგ ისინი „საქართველოში გააძევეს.“ აგვისტოს ბოლოს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ამავე რაიონში დააკავეს საქართველოს 5 მოქალაქეც.