ლაგოდეხის ტყეში ჩამომხრჩვალი ძაღლები იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ ნინიგორის ტყეში იპოვეს ხეზე ჩამომხრჩვალი ორი ძაღლი. ამ სისასტიკის ამსახველი ფოტოები ფეისბუქით გავრცელდა. ორივე ძაღლი ხეზე სავარაუდოდ, მავთულით არის დაკიდებული. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი სულამანიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალს არ ეკუთვნის, ინფორმაციის მიღებისთანავე დაუკავშირდნენ შსს ადგილობრივ სამმართველოს და გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას და ისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან ჯარიმით. გამოძიების პროცესში გამოვლენილია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი და დანიშნულია ექსპერტიზა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საბოლოოდ უნდა გაირკვეს ამ პირმა ჩამოახრჩო თუ არა ძაღლები.