განათლების სამინისტროში განხორციელდა მასშტაბური საკადრო ცვლილებები

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობებს ტოვებენ განათლების მინისტრის მოადგილეები - თემურ მურღულია და ლია გიგაური. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასევე, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორი მანანა მიქაბერიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე.

მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნულ ცენტრს თითქმის 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თამარ სანიკიძემ კი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა განათლების მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ დაიკავა.

მიხეილ ბატიაშვილმა, მადლობა გადაუხადა გათავისუფლებულ თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის და განაცხადა, რომ სამინისტროში ცვლილებები გაგრძელდება.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის. ცვლილებები გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში იხილავთ დანარჩენ ცვლილებებს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.