ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ღამე პარლამენტთან გაათენეს

მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე

თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას განაგრძობენ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი. მათ ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს. სარალიძე და მაჩალიკაშვილი პროტესტს უცხადებენ შერჩევით სამართალს და შვილების მკვლელების დასჯას მოითხოვენ. 10 სექტემბერს საღამოს, ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო მთავრობის გადადგომის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით. სარალიძემ მთავრობას მისცა 24 საათიანი ვადა, რათა გადადგეს და შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. დღეს, 19 საათზე რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერთა მიტინგი.