ოლეგ სენცოვმა ანდერძი დაწერა

ნატალია კაპლანი ოლეგ სენცოვის მხარდამჭერ აქციაზე კიევში, რუსეთის საელჩოსთან. 2018 წლის 21 აგვისტო

უკრაინელი რეჟისორის, რუსეთის საპატიმროში მოშიმშილე ოლეგ სენცოვის დის, ნატალია კაპლანის ინფორმაციით, ოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. კაპლანმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ოლეგ სენცოვისგან მიღებული წერილი, რომელშიც აღნიშნავს, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების და კიევში ბედნიერად ცხოვრების იმედი აღარ აქვს, თუმცა, დანებებას და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ოლეგ სენცოვი წერს, რომ ჯანმრთელობის ადრინდელ პრობლემებს დაემატა ჰიპოქსია - ჟანგბადის უკმარისობა, რომელიც ძირითადად გულს და ტვინს აწვება. უკრაინელი რეჟისორი ამბობს, რომ ინერციით ცხოვრობს. ნატალია კაპლანმა დაადასტურა, რომ ოლეგ სენცოვმა დაწერა ანდერძი, რომელიც სიკვდილის შემდეგ მისი შემოქმედების გამოყენებას ეხება.

ოლეგ სენცოვი ურალის მხარის ერთ-ერთ კოლონიაში 14 მაისიდან შიმშილობს რუსეთის საპატიმროებში მყოფი უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა უკრაინელი რეჟისორი 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, სასამართლომ სენცოვს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უფლებადამცველები ოლეგ სენცოვს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. რუსეთის ხელისუფლებისგან უკრაინელი რეჟისორის გათავისუფლებას მოითხოვენ დასავლეთის სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და კულტურის სფეროს არაერთი ცნობილი წარმომადგენელი. 2018 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტმა ოლეგ სენცოვის დედას უარი უთხრა შვილის შეწყალებაზე. პუტინის ადმინისტრაციამ უარი იმით ახსნა, რომ პრეზიდენტს თავად მსჯავრდებულმა უნდა მიმართოს. ოლეგ სენცოვი უარს ამბობს რუსეთის პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვაზე.