მაგასში, ინგუშეთის პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია, რომლის რამდენიმე ასეული მონაწილე აპროტესტებს ჩეჩნეთთან ახალი ადმინისტრაციული საზღვრის დადგენას. „ბიბისის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა დასამშვიდებლად შეიარაღებულმა პირებმა ჰაერში რამდენჯერმე ისროლეს. რუსული საინფორმაციო სააგენტოს, „ტასის“ ცნობით, დღეს დილით ინგუშეთის რეგიონულმა პარლამენტმა 17 ხმით 3-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ინგუშეთის და ჩეჩნეთის მეთაურების, ევკუროვის და კადიროვის მიერ 26 სექტემბერს ხელმოწერილ შეთანხმებას. დოკუმენტი ითვალისწინებს ორ რეგიონს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენას და ტერიტორიების ტოლფასად გაცვლას. რუსეთის ფედერაციის ამ ორ სუბიექტს შორის ტერიტორიული დავა 90-იანი წლებიდან მიმდინარეობს. შეთანხმების მოწინააღმდეგე ინგუშები აცხადებენ, რომ ჩეჩნეთთან გაფორმებული ხელშეკრულება ინგუშეთისთვის წამგებიანია. ინგუშეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს განაცხადა, რომ კანონმდებლობის თანახმად, ტერიტორიული მოწყობის საკითხები მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, ამიტომ აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება.
ინგუშები აპროტესტებენ ჩეჩნეთთან ტერიტორიების გაცვლას
საპროტესტო აქცია მაგასში. 2018 წლის 4 ოქტომბერი