ქარის გამო დაიხურა სათაფლიის ნაკრძალი

სათაფლია

„სათაფლიას აღკვეთილში ძლიერი ქარის გამო დილიდან შეჩერებულია ვიზიტორთა მიღება, ბილიკებზე ჩამოცვენილია ხის მოტეხილი ტოტები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ასევე მაღალია ქვათაცვენის რისკი“, - ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ 7 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში. სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორთა მიღება განახლდება სამუშაოების დასრულების შემდეგ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იმერეთის რეგიონში, ამჟამად, 20-25 მ/წმ ქარია. სათაფლიის აღკვეთილი, რომელიც მდებარეობს თბილისიდან 220 კილომეტრში, ქუთაისის მახლობლად, დიდი მოწონებით სარგებლობს ტურისტებში. თვალსაჩინოებას წარმოადგენს პრეისტორიული ბუნება, რელიქტური ტყე, კარსტულ მღვიმეთა ლაბირინთი და მეზოზოური ერის დინოზავრთა გაქვავებული ნაკვალევი.