12 წლის წინ მოკლეს ანა პოლიტკოვსკაია

დღეს ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მე-12 წლისთავი შესრულდა. „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტს 2006 წლის 7 ოქტომბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში ესროლეს. მოსკოველებს ყვავილები მიაქვთ სახლთან, რომელშიც პოლიტკოვსკაია ცხოვრობდა.

პეტერბურგში გაიმართა პოლიტკოვსკაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მიტინგი. ულიანოვსკში, ჩელიაბინსკსა და სხვა ქალაქებში გაისმა მოწოდება, პასუხი აგებინონ მკვლელობის დამკვეთებს, რომლებიც დღემდე დაუდგენელი არიან.

2014 წელს ნაფიცმა მსაჯულებმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს რუსტამ მახმუდოვს, რომელმაც, როგორც სასამართლომ დაადგინა, ესროლა პოლიტკოვსკაიას. გაასამართლეს კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ბოროტმოქმედების სავარაუდო ორგანიზატორები. მაგრამ დამკვეთი არ დაუსახელებიათ. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებულ გამოძიებას არაეფექტიანი უწოდა და დაადგინა, რომ მის მემკვიდრეებს კომპენსაცია გადაეხადოთ.