ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ბრექსიტის თაობაზე

ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ბრექსიტის თაობაზე, რიგგარეშე მოლაპარაკებებზე, რომელიც წინ უსწრებდა ბლოკის მნიშვნელოვან სამიტს. 14 ოქტომბერს ბრიუსელში ერთმანეთს შეხვდნენ ევროკავშირის წარმომადგენელი მიშელ ბარნიე და ბრიტანეთის ბრექსიტის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი, დომინიკ რააბი. შეხვედრაში მონაწილობდნენ ასევე ევროკავშირის ელჩები. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობდა მოლოდინი, რომ მხარეები მიაღწევდნენ გარიგებას, რათა განსაზღვრულიყო დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობები. ბარნიეს მიერ ტვიტერით გავრცელებული ცნობის თანახმად, დაბრკოლებას წარმოადგენს ბრექსიტის შემდეგ მოსალოდნელი „მკაცრი სასაზღვრო რეჟიმის“ თავიდან აცილება ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის. ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ ბრიტანეთის კავშირიდან გასვლის შემდეგ შენარჩუნდეს გამარტივებული სასაზღვრო რეჟიმი ევროკავშირის წევრ ირლანდიასა და ბრიტანეთის შემადგენლობაში არსებულ ჩრდილოეთ ირლანდიას შორის.