ბათუმის ერთ-ერთ ბაღში 4 წლის ბავშვს სავარაუდოდ აღმზრდელმა სცემა

მარიკო ვაშაყმაძემ სამართალდამცველებს 19 ოქტომბერს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი შვილი საბავშვო ბაღიდან სხეულზე სისხლჩაქცევებით და ნაკაწრებით დაბრუნდა. ბავშვი ამბობდა, რომ დაზიანებები ბაღის აღმზრდელმა მიაყენა საბავშვო ბაღის საპირფარეშოში. აღმზრდელის ვერსიით დაზიანებები 4 წლის ბიჭს მეგობრებმა მიაყენეს იმ დღეს ბაღში გამართული თოჯინების თეატრის წარმოდგენის დასრულების შემდეგ. ამ ვერსიის თანახმად ბავშვებმა თოჯინები ვერ გაიყვეს, იჩხუბეს და ერთმანეთი დააზიანეს, თუმცა დაშავებული ბავშვის დედის თქმით, ამ დღეს სხვა არც ერთ მშობელს არ შეუმჩნევია საკუთარი შვილების სხეულზე დაზიანებები.

ოთხი წლის ბავშვის სავარაუდო ცემის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო „სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში ბავშვს ჩაუტარდა ექსპერტიზა. სამართალდამცველ სტრუქტურებში გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ.

დაშავებული ბავშვის დედა ყვება, რომ ეს ამ ბაღში ძალადობის პირველი შემთხვევა სავარაუდოდ არ არის და იხსენებს ამავე წლის სექტემბრის დასაწყისში მის მეორე, წლისა და სამი თვის შვილთან დაკავშირებულ ამბებს, როდესაც მას აღმზრდელი ჩაცმულს აძინებდა და სათანადო ყურადღებას არ აქცევდა, რის გამოც პატარა ბაღიდან გამოიყვანეს. მარიკო ვაშაყმაძის თქმით, ვინაიდან ბაღში დამონტაჟებულია კამერები, ის ხშირად ადევნებდა თვალს, როგორი მდგომარეობა იყო საბავშვო ბაღში და არაერთხელ შეუმჩნევია, რომ აღმზრდელები არ ერეოდნენ ბავშვების კონფლიქტებში და ამ კონფლიქტებისას რიგ შემთხვევებში ერთმანეთსაც კი აზიანებდნენ ხოლმე.

რადიო თავისუფლება შეეცადა დაკავშირებოდა ბაღის ადმინისტრაციასაც, თუმცა უშედეგოდ.