რუსთავში მძიმედ დაშავებული 8 წლის გოგონა თბილისში გადაიყვანეს 

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში 21 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად მძიმე მდგომარეობაში მყოფი 8 წლის გოგონა, თბილისში, ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

კლინიკა "რუსთავის" გადაუდებელი დახმარების ექიმმა ლევან ფსუტურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბავშვი შემოყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, ჩაუტარდა ოპერაცია, დაზიანებული აქვს მუცლის ღრუ, თუმცა შემავალი ჭრილობის გარეშე.

ლევან ფსუტურის თქმით, თბილისში "პროფილურ კლინიკაში" გადაიყვანენ მოზარდ ბიჭსაც, რომელსაც ტერფის, კონკრეტულად კი, კოჭის ღია მოტეხილობა აქვს.

ექიმმა ლევან ფსუტურმა ​განაცხადა, რომ მე-19 მიკრორაიონში მომხდარი აფეთქების შემდეგ კლინიკა "რუსთავში" შეიყვანეს 11 პაციენტი, აქედან 6 არასრულწლოვანი.

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.