კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლამ შესაძლოა „უფრო სახიფათო“ გახადოს მოსფლიო და რუსეთს აიძულოს ნაბიჯების გადადგმა ძალთა შორის ბალანსის აღსადგენად. პესკოვმა „რუსთის შეშფოთებაზე“ ისაუბრა 22 ოქტომბერს - ორ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გავა ცივი ომის დროს, 1987 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ (INF). პესკოვის თქმით, რუსეთს სურს მოისმინოს ამ ნაბიჯის „განმარტება“ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის, ჯონ ბოლტონისაგან, რომელიც 22 და 23 ოქტომბერს მოსკოვში ხვდება მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს. INF-ხელშეკრულება აშშ-სა და რუსეთს უკრძალავს 500-დან 5500-მდე კილომეტრი რადიუსის ფრთოსანი რაკეტების ფლობას, წარმოებსა და განთავსებას. ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთი უკვე წლებია მუშაობს ასეთ რაკეტაზე. ეს ბრალდება აშშ-მა 2014 წელს წაუყენა რუსეთს. რუსეთი ბრალდებას უარყოფს და, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო თაცდავის სისტემების ზოგი ელემენტი არღვევს ხელშეკრულებას. ვაშინგტონი უარყოფს ამ ბრალდებას.