ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე არ იქნება

ინგა გრიგოლია

ტელეკომპანია „TV პირველის“ თოქშოუ​ს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან 23 ოქტომბერს დაგეგმილ ინტერვიუს ფეისბუკის პოსტით გამოეხმაურა. ინგა გრიგოლია წერს, რომ ინტერვიუზე სიამოვნებით წავიდოდა, რომ არა გადაცემა „რეაქცია“, რომლის დასრულების დრო ინტერვიუს დასაწყისს ემთხვევა. „გამარჯობა მეგობრებო. რადგან ამდენი ადამიანი მირეკავს და მეკითხება, მივდივარ თუ არა ხვალ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, ბარემ აქვე დავწერ, სიამოვნებით წავიდოდი, რადგან მგონია, რომ საინტერესო ბრიფინგი იქნება, მაგრამ ხვალ 20.00-ზე მეწყება გადაცემა "რეაქცია" რომელიც გრძელდება ზუსტად იმ დრომდე, როცა იწყება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ჟურნალისტებთან. ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, ამიტომ "TV პირველი" გადაწყვეტს, ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენგან ამ შეხვედრაში. მადლობა ყურადღებისთვის. p.s. ჩავამატებ ბარემ, ნებისმიერ დროს სიამოვნებით ავიღებ ინტერვიუს მისგან“.

ტელეკომპანია „იმედის“ პროდიუსერმა მარიამ შავგულიძემ კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვინაიდან ინტერვიუს დაწყების დრო, ემთხვევა ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუს დაწყების დროს, შესაბამისად, ინტერვიუზე სიამოვნებით დათანხმდნენ. რაც შეეხება ინტერვიუს ფორმატს, მარიამ შავგულიძის თქმით, „ეს იყო პარტიის შემოთავაზება. რესპონდენტიდან გამომდინარე, მასთან ინტერვიუ საინტერესოა ნებისმიერ ფორმატში“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კი აპირებს შემოთავაზებასთან დაკავშირებული პასუხი, მაყურებელს საღამოს 6-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში შეატყობინოს. "ბოდიში ბატონ ივანიშვილთან, ოღონდ მოწვევა მისი საქმეა და არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე - ჩვენი. ვინ ასწავლა ჟურნალისტების სახელდებით მიწვევა, სად ამოიკითხა ეს სიბრძნე? რ2 საკუთარ პოზიციას დღის ბოლომდე გაასაჯაროვებს", - წერს "რუსთავი 2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუკზე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვალ ინტერვიუს მისცემს ყველაზე რეიტინგული თოქშოუების წამყვანებს - ასე უპასუხეს პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში რადიო თავისუფლების შეკითხვას, რატომ შეირჩა ინტერვიუსთვის მხოლოდ სამი ტელეარხი - „იმედი,“ „რუსთავი 2“ და „TV პირველი.” ამ ტელეკომპანიების პოლიტიკური თოქშოუების წამყვანები ირაკლი ჩიხლაძე, გიორგი გაბუნია და ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილს შეკითხვებს დაუსვამენ პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში.

“იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქშოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს. ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს. ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში. ინტერვიუ 23 ოქტომბერს, 22 საათზე დაიწყება.