ერევანში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ხელყუმბარით ცდილობდა მთავრობის შენობაში შესვლას

სომხეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ცდილობდა ხელყუმბარით შეეღწია მთავრობის შენობაში. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ეროვნული უშიშროების სამსახურის თანამშრომლები აწარმოებენ მამაკაცის დაკითხვას. მისი ვინაობა ჯერ არ გაუმჟღავნებიათ. სომხური სამსახურის კორესპონდენტის ცნობით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დაადასტურა, რომ დაკავებულ პირს ხელყუმბარა ჰქონდა. მან ის აღწერა, როგორც საშუალო ასაკის მამაკაცი, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემით. მის შესაძლო მოტივზე ჯერ არაფერს იუწყებიან.