ბაჩო ახალაია არ აპირებს გრიგოლ ვაშაძეს შეწყალება თხოვოს

ბაჩო ახალაია. 2010 წ.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ბაჩო ახალაიამ საპატიმროდან მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ მხარდამჭრებს. ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ახალაია აღნიშნავს, რომ მის სახელს „გაუგებარი ბინძური მიზნებით“ იყენებს „ხელისუფლების ზოგიერთი უსინდისო წარმომადგენელი,“ ამიტომ თავს ვალდებულად თვლის გამოეხმაუროს მედიით გავრცელებულ მოსაზრებებს. ახალაიას განცხადებით, „პირადი თავისუფლება ნამდვილად არ არის იმ მნიშვნელობის, რომ ეპოქალურ პოლიტიკურ ბრძოლას ან დღეს ან ხვალ რამეში უშლიდეს ხელს.“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მტკიცებით, 2012 წელს თვითონ წავიდა ციხეში, „ქართულმა ოცნებამ“ მიუსაჯა 9 წელი და მე-7 წელია იხდის „სრულიად უსამართლო სასჯელს.”

„მაგრამ დღესაც, ისევე როგორც 2012 წელს, იმისათვის რომ ჩემი არსებობა არ გახდეს საერთო ეროვნული მიზნების მიღწევაში რამე დაბრკოლება, მინდა საჯაროდ ვთქვა მე არ ვაპირებ მივმართო ბატონ გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით, ჩემი მისდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად არ ვთვლი, რომ ამხელა უსამართლო სასჯელის მოხდის მიწურულს რამე შეწყალება მჭირდებოდეს. საქართველოში დღეს მიმდინარე და ხვალ გასამართი პოლიტიკური ბრძოლები იმდენად დიდი ეპოქალური მნიშვნელობისაა, რომ ჩემი პირადი თავისუფლებაც არ მიღირს მისთვის რამე, თუნდაც მცირედი ხელშეშლის ან ხელშეშლის იმიტირებისთვის იქნას გამოყენებული. უსამართლო 9 წლიანი სასჯელიდან მე-7 წელიწადს რამენაირად შევძლებ კიდევ 2-3 წელსაც გავუძლო. გარდა ამისა მინდა გასაგებად ავუხსნა, როგორც ქართული ოცნების, ისე გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალი რეალობაა. ახალი ხელისუფლება არც დააპირებს რამე სახელმწიფო სამსახური შემომთავაზოს, მაგრამ ასეთი საოცრება რომც მოხდეს, მე ჩემი მხრიდან არც არანაირი სურვილი არ მაქვს რამე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის” - წერს ბაჩო ახალაია. თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ „ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასასრული იწყება“ და ერთადერთი, რაც შეუძლია ხელშესაწყობად გააკეთოს, კვლავ ციხეში ჯდომაა.