საბერძნეთსა და სკოპიეს შორის აღდგა საჰაერო მიმოსვლა თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ

12 წლიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთიდან პირველი სამგზავრო თვითმფრინავი დაეშვა სკოპიეს აეროდრომში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ მეზობელ ქვეყანას შორის დამთბარ ურთიერთობებს სახელწოდებასთან დაკავშირებული მრავალწლიანი დავის მოგვარების შემდეგ. თვითმფრინავის მგზავრებს შორის იმყოფებოდა მაკედონიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ბუჯარ ოსმანი, რომელმაც საჰაერო მიმოსვლის აღდგენას "უწოდა მთელი რეგიონისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის სიმბოლური მოვლენა".

ამიერიდან ათენსა და სკოპიეს შორის საბერძნეთის „ეიჯეან ეარლაინსის“ თვითმფრინავი კვირაში ორჯერ რეგულარულად იფრენს. საჰაერო მიმოსვლა მაკედონიასა და საბერძნეთს შორის მას შემდეგ შეწყდა, რაც 2006 წელს მაკედონიის მთავრობამ სკოპიეს აეროდრომს მიანიჭა ალექსანდრე დიდის სახელი.