პრეზიდენტი მაკრონი კმაყოფილია, რომ ახალი კალედონიის მოსახლეობამ საფრანგეთთან ყოფნა ამჯობინა

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ ახალი კალედონიის მცხოვრებთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენას. მაკრონის განცხადებით, ახალ კალედონიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე დამარცხდნენ სიძულვილი, სისასტიკე, შიში და განხეთქილება. წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ახალ კალედონიაში, რომელსაც საფრანგეთის განსაკუთრებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სტატუსი აქვს, 4 ნოემბერს ჩატარდა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის საკითხზე. ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ორგანიზებული სახალხო გამოკითხვის მონაწილეთა 56%-ზე მეტმა მხარი არ დაუჭირა საფრანგეთისგან გამოყოფას. პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, რეფერენდუმის ჩატარებისას საფრანგეთის მთავრობამ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა და საერთაშორისო დამკვირვებლებს მისცა კენჭისყრაზე დასწრების შესაძლებლობა. ემანუელ მაკრონმა ახალი კალედონიის პოლიტიკურ ძალებს შესთავაზა დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები საფრანგეთის მთავრობასთან.

ახალი კალედონია, სადაც ამჟამად 270 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, საფრანგეთს 1853 წლიდან ეკუთვნის. ახალ კალედონიაშია თავმოყრილი მსოფლიოში ნიკელის მარაგის მეოთხედი.