ლუკაშენკას საჭიროდ არ მიაჩნია ბელორუსიაში რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობა

ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას განცხადებით, მისი ქვეყანა რუსეთის მოკავშირეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროა ბელორუსიაში რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობა. 6 ნოემბერს მინსკში ამერიკელ ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან საუბრისას, ლუკაშენკამ თქვა ასევე, რომ ევროპის უსაფრთხოებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აშშ-ის „სამხედრო და პოლიტიკურ როლს“. „ბელორუსიის შეიარაღებულ ძალებს შესწევთ უნარი, უზრუნველყონ უსაფრთხოება და თავიანთი მოვალეობები შეასრულონ გაცილებით უკეთ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რუსეთის ფედერაციის ჩათვლით“, განაცხადა ლუკაშენკამ. მისივე თქმით, ბელორუსია არის „ევროპული ქვეყანა“, რომელიც დაინტერესებულია „ძლიერი და ერთიანი ევროპით“ - ევროპა დღეს ჩვენი პლანეტის დიდი დასაყრდენიაო, დასძინა მან. ლუკაშენკა, რომელიც ხელისუფლების სათავეში დგას 1994 წლიდან, ცდილობს ბალანსის დაცვას აღმოსავლელ და დასავლელ მეზობლებს, რუსეთსა და ევროკავშირს შორის. მას ავტორიტარულ მმართველობაში ადანაშაულებენ. 2016 წელს ევროკავშირმა სანქციები შეუმსუბუქა მინსკს პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული რამდენიმე პირის გათავისუფლების გამო.