ატოცში მცოცავი ანექსიის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო აქცია საოკუპაციო ხაზთან

სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ და პოლიტიკურ მოძრაობა „გირჩი“ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ძალების მიერ ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის გავლების ფაქტს ერთად აპროტესტებენ. აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ახალი ძელები დაამონტაჟეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც არიან მობილიზებულნი. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, პოლიცია გარკვეულ პერიმეტრს იცავს იმისთვის, რათა პროვოკაციები აირიდოს თავიდან და ახალგაზრდები, მათივე უსაფრთხოების მიზნით, ღობესთან არ მიუშვას. საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს იმყოფებიან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებიც, რომლებიც ფოტო-ვიდეო გადაღებას აწარმოებენ.