ბრიტანელი მუსლიმები ლონდონს მოუწოდებენ, თავშესაფარი მიანიჭოს პაკისტანელ ქრისტიან ქალს

გავლენიანი ბრიტანელი მუსლიმები შეუერთდნენ მოწოდებას ლონდონის მიმართ, თავშესაფარი მიანიჭოს ასია ბიბის - პაკისტანელ ქრისტიან ქალს, რომელსაც პაკისტანში მკრეხელობის ბრალდებით ჯერ სიკვდილი მიუსაჯეს, შემდეგ კი გაამართლეს. წერილობითი მიმართვის შინაარსი 13 ნოემბერს გასაჯაროვდა. ხელმომწერებს შორის არიან პარლამენტის 15 წევრი და სამი იმამი. ასია ბიბი, რომელმაც რვა წელი დაჰყო პაკისტანის ციხეში სიკვდილით დასჯის მოლოდინში, გასულ კვირაში გაათავისუფლეს. მანამდე პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა განაჩენი, რასაც მოჰყვა ისლამისტების ძალადობრივი საპროტესტო აქციები ბიბის სიკვდილით დასჯის მოთხოვნით. ბიბის ქმარმა თავშესაფარი სთხოვა დასავლეთის ქვეყნებს. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გაგზავნილ მიმართვაზე ხელმომწერები გამოთქვამენ რწმენას, რომ ბრიტანელების უმრავლესობა მიესალმება ზომებს ასია ბიბისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუ ისმის შეუწყნარებლობის გამომხატველი ხმები, მათ უნდა დავუპირისპირდეთ და არა დავუთმოთო, დასძენენ წერილში.