ვინ არიან  ტოლერანტობის წლევანდელი  ქომაგები

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრმა სულ ტოლერანტობის 12 ქომაგი გამოავლინა.

დაჯილდოება ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ გახსნა. მან ჯილდო ჰოლანდიის ელჩს იოჰანეს დაუმასა და დედა სიდონიას გადასცა. „როგორც წესი, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადამიანები, ყოველთვის პრობლემების დროს ხვდებიან ერთმანეთს. ეს ისეთი გამონაკლისია, როცა დღესასწაულის გამო შევხვდით. როდესაც ვიხსენებთ, რა მოუვიდა ახალგაზრდა, ნიჭიერ უფლებადამცველს, ხალისიან ახალგაზრდას ვიტალი საფაროვს, ვხვდებით, რომ ჩართულობა უფლებების დაცვისა და მრავალფეროვნების მხარდაჭერის საქმეში, არ არის მარტივი. ეს გზა შეიძლება ბევრ საფრთხეზე გადიოდეს“,- განაცხადა რუსუდან გოცირიძემ, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამღძვარმა.

იოჰანეს დაუმა - ჰოლანდიის ელჩი საქართველოში: „მე დავიბადე ქრისტიანთა ოჯახში, ქვეყანაში რომელის საკმაოდ თავისუფალია. ეს ყველაფერი კი გარკვეულ პასუხისმგებლობას მაკისრებს“.

დედა სიდონია:“ ხშირად მართლმადიდებლობა წარმოუდგენიათ, ასე ჩანს ხოლმე, როგორც დახურული, შეუწყნარებელი მოძღვრება, მაგრამ პირიქით, ეს არის ტოლერანტობის და უფრო მეტიც, ნებისმიერ ადამიანში ღვთაებრივი ღირსებისა და სიყვარულის საფუძველი.

ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადასცეს უფლებადამცველი ვიტალი საფაროვის დედას. „რთულია ჩემთვის ლაპარაკი და ის, რომ აქ ვიდგე ჩემი შვილის მაგივრად. მაგრამ მე არ შემიძლია ისე ჩუმად გავიდე აქედან, რომ არ გითხრათ მადლობა. ჩემს შვილს იცით როგორ უყვარდა საქართველო? როგორ უნდოდა, ფიქრობდა და გეგმავდა, რომ საქართველო  ტოლერანტული ყოფილიყო. იმ დღესაც ასე ფიქრობდა, მაგრამ არ გამოვიდა არაფერი. არსებობენ საქართველოში ისეთი დაჯგუფებები, რომლებსაც არც გაუგიათ რა არის ტოლერანტობა და ერთმანეთის სიყვარული. ამის მსხვერპლი გახდა იმ დღეს ვიტალი. ის გახდა მსხვერპლი იმ საქმიანობის, რითიც 5-7 წელი ცხოვრობდა და ასე მოწადინებული იყო. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ძალიან წინ წავიდოდა. მე ამის მჯერა.“

რელიგიურმა საბჭომ ტოლერანტობის ქომაგის საჯარო მოხელის ნომინაციაში დაასახელა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე.“ ის რომ ჩვენ ვაშუქებდით უმცირესობების ამბებს, იყო ჩვენი ვალდებულება, რადგან მე წარმოვადგენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც  სწორედ საზოგადოებისგან ფინანსდება და საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. ბედნიერი ვარ რომ პროცესები, რომლებიც გამბედაობასა და გამძლეობას მოიცავდა, შესამჩნევი იყო საბჭოს წევრებისთვის.“

ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადაეცათ მედია ორგანიზაციებსაც: გაზეთ „ბათუმელებს, პანკისისა და მარნეულის სათემო რადიოებს. კამილა მამედოვა - მარნეულის სათემო რადიო: „ჩვენ ვხუმრობდით „მართლმადიანობაზე“. მე სწორედ „მართლმადიანი“ ვარ. ჩემში ერთი  ნაწილი ყოველთვის იყო ტიტულოვანი, მეორე კი უმცირესობა. ამიტომ ყოველთვის ვფიქრობ, რომ სჯობს სხვა ღირებულებებზე გვესაუბრა და ამ ყველაფერს მეორე პლანზე გადაენაცვლა. ეს ყველაფერი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია მხოლოდ ჩვენი უფლებები.“