თბილისიდან მოსკოვში გააბრუნეს რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ რუსული კინოს ფესტივალში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სააგენტო "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ „2018 წლის 21 ნოემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რეისით, მოსკოვი-თბილისი ჩამოფრინდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. რეისის 3 მგზავრს უარი ეთქვათ ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე. სამივე მოქალაქე უკან იმავე რეისით გააბრუნეს.“
ფესტივალი „პაემანი-კინორომანი“ თბილისში 21-23 ნოემბერს გაიმართება და ნაწილია ფესტივალისა „პაემანი რუსეთთან“, რომლის მიზნად გამოცხადებულია რუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზება დსთ-ის ქვეყნებსა და საქართველოში. ფესტივალიის საინფორმაციო პარტნიორია რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტო და რადიო „სპუტნიკი.“ ფესტივალის დამფუძნებელი და გენერალური პროდიუსერია ვლადიმირ პიროჟოკი. მონაწილეთა შორის დასახელებულნი არიან ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი ირაკლი კვირიკაძე და კინომსახიობი ელგუჯა ბურდული.