დავით ბაქრაძე: ხმა მივეცი პირველ რიგში, ცვლილებებს

"ხმა მივეცი, პირველ რიგში, ცვლილებებს, რადგან არჩევნების პირველ ტურში ჩვენმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ხალხს სჭირდება ცვლილებები", - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.

"საზოგადოებას აღარ უნდა დღევანდელი ცხოვრება, როდესაც გარშემო უამრავი პრობლემაა და არ არსებობს ამ პრობლემის მომგვარებელი. ამიტომ პირველი ტურის მთავარი შედეგი და დასკვნა გახლავთ ის, რომ საზოგადოება და ქვეყანა არჩევნებიდან ელოდება ცვლილებებს, ელოდება წინსვლას, ელოდება უკეთესობას. ამიტომ ჩვენი ამოცანაა არჩევნების მეორე ტურში ბოლომდე მივიყვანოთ საზოგადოების ეს განწყობა და სწორედ აქედან გამომდინარეობდა ჩემი არჩევანიც, მხარი დავუჭირე ცვლილებებს, მხარი დავუჭირე ქვეყნის წინსვლას, ჩვენი ხალხის და ჩვენი საზოგადოების უკეთეს მომავალს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელშიც ორი კანდიდატი მონაწილეობს: სალომე ზურაბიშვილი, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი და გრიგოლ ვაშაძე, გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი.