პუტინი უკრაინის მხრიდან პროვოკაციად მიიჩნევს შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შავ ზღვაში 25 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს უწოდა პროვოკაცია, რომელიც ორგანიზებული იყო უკრაინის ხელისუფლებისა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ არჩევნების წინა პერიოდში. პუტინმა პირველად გააკეთა განცხადება ქერჩის სრუტეში დაძაბულ ვითარებაზე, როცა გამოდიოდა მოსკოვში ფორუმზე „რუსეთი გვიხმობს“. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, პოროშენკოს რეიტინგი ძალიან დაბალია და ის ცდილობს დაბრკოლებების შექმნას თავისი კონკურენტებისათვის მოახლოებულ არჩევნებზე. თავის მხრივ, კიევი აგრესიის აქტად მიიჩნევს რუსეთის ქმედებას. უკრაინის პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა კანონს საომარი მდგომარეობის შესახებ. კიევი მოითხოვს, გათავისუფლებულ იქნენ მეზღვაურები, რომლებიც რუსეთმა 25 ნოემბერს დააკავა ქერჩის სრუტის გავლის მცდელობისას. რუსეთის ხელისუფლება უკრაინელ მეზღვაურებს ადანაშაულებს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, რასაც კიევი უარყოფს. დაკავებულებს ასამართლებენ ყირიმში, რომელიც რუსეთს უკანონოდ აქვს მიერთებული.