აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ "მომავალში, რაღაც დროს" ის ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად დაიწყებს "ლაპარაკს იმაზე, თუ რეალისტურად როგორ შეიძლება შეჩერდეს მასშტაბურ და უკონტროლო გამალებულ შეიარაღებაში გადაზრდილი პროცესი". ტრამპმა ეს ტვიტერით დაწერა 3 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ბუენოს-აირესში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე სი ძინპინს შეხვდა და პუტინთან მოკლე საუბარი გამართა. ტრამპმა დასძინა, რომ აშშ-მა წელს 716 მილიარდი დოლარი დახარჯა, იგულისხმა, რომ ეს დაიხარჯა შეიარაღებაზე და სამხედრო უწყებებზე და დაწერა - "სიგიჟე". ტვიტერით დაწერილი ამ მესიჯის ფონია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა, რომელიც მოჰყვა ტრამპის მიერ ოქტომბერში გაკეთებულ განცხადებას იმაზე, რომ აშშ გავა ხელშეკრულებიდან საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ (INF). ეს ორმხრივი ხელშეკრულება 1987 წელს გაფორმდა და კრძალავს საშუალო რადიუსის რაკეტებს. ვაშინგტონი მოსკოვს მის დარღვევაში ადანაშაულებს. მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს, თუმცა შარშან აღიარა არსებობა რაკეტისა, რომელიც ვაშინგტონმა აღმოაჩინა. მოსკოვი ირწმუნება, რომ ასეთი რაკეტა არ არღვევს ხელშეკრულებას. „