გრიგოლ ვაშაძე არ აპირებს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობა მიულოცოს

გრიგოლ ვაშაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. რუსთავში, მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მიულოცავს, თუ არა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას.

„სალომე ზურაბიშვილს დიდი სიამოვნებით მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, შვილიშვილების გაჩენას, მაგრამ გავიმეორებ, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა, ჩატარდა კრიმინალური ტერორის და მასთან შეზრდილი კორუმპირებული ბიუროკრატიის და ოლიგარქის სპეცოპერაცია, ტოტალური გაყალბებით და ზეწოლით. შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ შედეგებს“ - განაცხადა ვაშაძემ. მისი თქმით, პრეზიდენტი ჰყავს არა საქართველოს, არამედ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. ვაშაძის განცხადებითვე, ზურაბიშვილს პრეზიდენტობას ვერ მიულოცავს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში დაიცავს მის მოქალაქეობრივ უფლებას.