პროკურატურა: ხორავას ქუჩაზე მოზარდების  მკვლელობის საქმის პროკურორი არ დაწინაურებულა

ზაზა სარალიძე

„ზაზა სარალიძის მიერ გავრცელებული განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის იმედა გუგუშვილის დაწინაურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“-განუცხადეს რადიო თავისუფლებას პროკურატურაში.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავდნენ, მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი პროკურორი იმედა გუგუშვილი კარიერულად დაწინაურდა მთავარ პროკურატურაში.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ზაზა სარალიძემ სააპელაციო სასამართლოში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის მოქმედ პროკურორს თორნიკე ნადირაძეს, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურმა ზაზა სარალიძეს შენობა დაატოვებინა.

„მე არაფრის აღარ მჯერა. იმედა გუგუშვილი ზვიად ფხაკაძესთან ერთად აყალბებდა საქმეს და ახლა გავიგე, რომ ის დააწინაურეს. სად არის საერთოდ მთავარი პროკურორი? მე მივმართე შსს-ს და პროკურატურას შეხვედრის შესახებ, თუმცა მხოლოდ შსს-მ გამოთქვა მზაობა შეხვედრისთვის“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღე 15 საათზე დაბარებული. ზაზა სარალიძე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვლადიმერ ბორცვაძეს და ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის გამომძიებლებს, საქმის დეტალების გასაცნობად უნდა შეხვდეს.