იტალია და ევროკავშირი შეთანხმდნენ მომავალი წლის ბიუჯეტზე

იტალიამ და ევროკავშირმა მიაღწიეს საბოლოო შეთანხმებას მომავალი წლის ბიუჯეტზე. ამის შესახებ განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ. ბიუჯეტის კორექტირების შედეგად დეფიციტი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ოდნავ მეტს.

მანამდე იტალიის ხელისუფლების გეგმა ითვალისწინებდა 2,4%-ან დეფიციტს, რასაც ბრიუსელი მიუღებლად მიიჩნევდა.

ევროკავშირის ისტორიაში პირველად, ბრიუსელმა უარყო წევრი ქვეყნის ბიუჯეტის პროექტი. იტალიის მთავრობისაგან ითხოვდნენ 1,8%-ანი დეფიციტის დაგეგმვას, ხოლო რომი ამტკიცებდა, რომ მისი პროექტი ხელს შეუწყობდა უმუშევრობის შემცირებას. ნოემბერში ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტის გამო მიმართავს დისციპლინარულ ზომებს იტალიის წინააღმდეგ.