აშშ-მა რუსეთის მოქალაქეებს მრავალჯერადი ვიზები გაუძვირა

აშშ-ის საელჩო მოსკოვში

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ორჯერ გააძვირა მრავალჯერადი ვიზის ღირებულება. 2019 წლის 1 იანვრიდან მრავალჯერადი და სამუშაო ვიზის ფასი 303 დოლარამდე იზრდება,-იუწყება მოსკოვში აშშ-ის საელჩოს საიტი. ახლა ასეთი ვიზა 160 დოლარი ღირს.

ვიზის ღირებულება მთლიანობაში 143 დოლარით, ნაცვალგების საფუძველზე იზრდება-აღნიშნულია საელჩოს საიტზე. ანალოგიურ ვიზებში ამდენივე თანხას იხდიან რუსეთში მიმავალი აშშ-ის მოქალაქეები.

2017 წლის მარტში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განკარგულება გასცა, გათანაბრებულიყო ამერიკული ვიზების ღირებულება იმ ქვეყნების ვიზების ღირებულებასთან, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ახდევინებდნენ.

მრავალჯერადი ვიზის ფასის გაზრდის გარდა, გართულდა ასევე მისი ხელმეორედ მიღების პროცედურაც. აქამდე ასეთი ვიზის მიღება ფოსტის საშუალებითაც შეიძლებოდა, ახლა კი რუსეთის მოქალაქეებს გასაუბრება მოუწევთ.