სალომე ზურაბიშვილი გამსახურდიას საქმის გამოძიებაზე საუბრობს

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს: „როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა. ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის.

მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინონ ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით“.

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები უკვე მეშვიდე დღეა პროკურატურის წინ შიმშილობენ მოთხოვნით, შეიცვალოს ორგანული კანონი, რათა ხანდაზმულობის ვადა არ შეეხოს პოლიტიკური ნიშნით მოკლული პირების საქმეებს. არსებული კანონმდებლობით ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება დეკემბრის ბოლოს შესაძლოა ხანდაზმულობის გამო შეწყდეს.