სასწრაფო დახმარების ცენტრი: ბოლო კვირაში გამოძახებების რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს სეზონური ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ და პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის ამბულატორიული კურსი. როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ბერეკაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, გამოძახებაზე მისულ სასწრაფოს ეკიპაჟს გრიპით დაავადებული პაციენტისთვის სიცხის დამწევი საშუალების მიცემა და გართულების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა შეუძლია. ოჯახის ექიმისთვის მიმართვის შემთხვევაში კი ავადმყოფი მდგომარეობის დამძიმებას აიცილებს თავიდან, სასწრაფო დახმარებას კი გადაუდებელი შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების საშუალება ექნება.

ირაკლი ბერეკაშვილი ამბობს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საგრძნობლადაა გაზრდილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახების რიცხვი:“ზოგადად რომ გითხრათ, წელიწადის სხვა დროებში საშუალო გამოძახებები არის 1500 დაახლოებით. ახლა დღის მდგომარეობით, 2000-საა გადაცილებული“-აღნიშნა ირაკლი ბერეკაშვილმა. მისი თქმით, გამოძახებების რიცხვის გაზრდა იწვევს გამოძახებებზე ბრიგადების დაგვიანებას და მოსახლეობის უკმაყოფილებას:

„გრიპიანების საყვედურებიც მომატებულია, რაც გამოწვეულია ისევ და ისევ ზარების რაოდენობის მომატებით. 100-მდე ბრიგადა გვყავს თბილისის მასშტაბით, ყველა ბრიგადა დაკავებულია და ამასობაში მოლოდინის რეჟიმში დგას მისამართები. დღეის მდგომარეობით, ეს მისამართები პიკის საათებში შეიძლება იყოს 100-200, ჩვეულებრივ პერიოდში, როდესაც ვირუსი მომატებული არ არის, „ჩაკიდულების“ იგივე მოლოდინის რეჟიმში მყოფი მისამართების რაოდენობა შეიძლება იყოს 0, 5 მისამართი, მაქსიმუმ 10. შესაბამისად სასწრაფომ შესაძლოა რაღაცა პერიოდი დაიგვიანოს. თუმცა პრიორიტეტულ მისამართებზე ხდება მყისიერი რეაგირება.“-გვითხრა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ბერეკაშვილმა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში გრიპის ეპიდსიტუაცია არ არის, ვინაიდან გრიპით ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს, ეპიდემიური ზღვარი კი 100 000 მოსახლეზე 400-ია. იგი მოქალაქეებს ურჩევს გრიპით ავადობის შემთხვევაში ექიმს მიმართონ.