"ქალთა მოძრაობა" პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას გამართავს დიმიტრი გაბუნიას მოხსნის მოთხოვნით

"ქალთა მოძრაობა" 22 დეკემბერს, ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან აქციას გამართავს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას მოხსნის მოთხოვნით სლოგანით: "გადმოდი ქალების მხარეს!".

როგორც „ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმამოხსნას მის მიერ დანიშნული საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, „ვინაიდან დიმიტრი გაბუნია საკუთარი განცხადებებით ახდენდა სექსუალური შევიწროების ნორმალიზებას“.„ჩვენ მოვითხოვთ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოხსნას მის მიერ დანიშნული საპრლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, ვინაიდან დიმიტრი გაბუნია საკუთარი განცხადებებით ახდენდა სექსუალური შევიწროების ნორმალიზებას და შანტაჟად მოიხსენიებდა ქალთა ბრძოლას უფლებებისთვის. კერძოდ, ის აცხადებდა: "ხვალ და ზეგ ვართ ჩვენ დაზღვეული მსგავსი ტიპის შანტაჟისგან? აქ უცებ წარმოიშვება შეკითხვა, მაშინ ეფიქრა ზვიად დევდარიანს ….რას აკეთებდა რომ?! ისეთს, რასაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს, მიმოწერაზეა საუბარი, თუ ავკრძალოთ ქვეყანაში პირადი კომუნიკაცია." ის, რაც დიმიტრი გაბუნიას პირად კომუნიკაციად და ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია, სექსუალური შევიწროებად შეფასდა სახალხო დამცველის მიერ სამ საქმეში დევდარიანის წინააღმდეგ. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მსგავსი ღირებულებების მქონე ადამიანი არ უნდა იკავებდეს მაღალ თანამდებობას.
"ქალთა მოძრაობამ" წინასაარჩევნო პერიოდშიც მოიწვია სალომე ზურაბიშვილი საჯარო დებატზე, თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატთან კომუნიკაციის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
ჩვენ კვლავ მოვითხოვთ პრეზიდენტთან შეხვედრას და მოვუწოდებთ მას: "გადმოდი ქალების მხარეს!“, ნათქვამია ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.აქციის მონაწილეები რეზიდენციასთან გამართავენ პერფორმანსს წითელი ლენტით, რადგან მათ თქმით კამპანია #metoo-ს ერაში სწორედ სექსუალური შევიწროების პრობლემაზე გადის წითელი ხაზი. აქციის მონაწილეებს ექნებათგულსამაგრები წარწერით #მეც, რომელსაც წითელ ლენტთან ერთად პრეზიდენტისთვის გადასაცემად ადმინისტრაციაში დატოვებენ.